გათიშვა

შიდა სასკოლო სპორტული ფესტივალი

ალექსანდრე ცინცაძის სახელობის თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში, პროექტის „ახალი სკოლის მოდელი“ ფარგლებში, შიდა სასკოლო სპორტული ფესტივალი გაიმართა. აღნიშნული პროექტის პილოტირება სკოლაში 2018 წლის სექტემბრიდან მიმდინარეობს და მასში I-IV კლასების ყველა მოსწავლე და პედაგოგია ჩართული.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მიზნად ისახავს სასკოლო კულტურის განვითარებას და სწავლა-სწავლების პროცესის გამრავალფეროვნებას. ერთ-ერთი ამ ტიპის აქტივობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს რაგბის კავშირის თანამშრომლობით განხორციელდა. „ჩაერთე რაგბიში“ ინიციატივის ფარგლებში, ერთი სემესტრის განმავლობაში მოსწავლეებთან სახალისო და უსაფრთხო ვარჯიში-თამაშები ტარდებოდა.

შიდა სასკოლო სასპორტო ფესტივალი შემაჯამებელი ღონისძიება იყო, რომლის ფარგლებშიც სახალისო თამაშები ჩატარდა და მასში სკოლის მოსწავლეებთან ერთად, პედაგოგები და მშობლებიც იღებდნენ მონაწილეობას.